logo
ENG



ოცნების 84 დეპუტატიდან 13 მილიონერია - შაბათის ფორმულა ჩინოსნების დეკლარაციებს გაეცნო

25 ივნ 202220:51
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია რატომ არ ეთმობათ სავარძლები და რატომ ამბობენ უარს დეოლიგარქიზაციაზე ქართული ოცნების დეპუტატები და მინისტრები. კერძოდ, გადამოწმდა მაღალჩინოსნების დეკლარაციები და მათ სახელზე არსებული ქონება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

პარლამენტის უმრავლესობის 84 დეპუტატიდან 13 მილიონერია. შთამბეჭდავია მათი რეზიდენციები, ძვირადღირებული საათები, ფერწერული ტილოები.  ვასილ ჩიგოგიძის აგარაკი, წყნეთში, ე.წ სატყეოს ტერიტორიაზევე მდებარეობს. წითელი აგურით მოპირკეთებული შენობა 600 კვადრატულ მიწაზე, 200 კვადრატული მეტრი სახლით, მანსარდით და საზაფხულო ფართით - დეპუტატმა 2019 წელს, სულ რაღაც 60 000 დოლარად შეიძინა, როცა წყნეთში, მხოლოდ მიწის კვადრატული მეტრის ფასი 200 დოლარიდან იწყება და 500 დოლარამდე მერყეობს.

უცნობია, როგორ ახერხებენ დეპუტატები ააშენონ რეზიდენციები, ფანჩატურის ფასად, მაგრამ რამდენიმე მათგანი, ახერხებს რომ უძრავ ქონებაში გადაიხადოს 0 ლარი და საჩუქრად, დეპუტატად გახდომის შემდეგ, საცხოვრებელი სახლები მიიღოს. ასეთი დეპუტატია ალუდა ღუდუშაური, რომელმაც საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე 150 კვ.მ ბინა უფასოდ მიიღო, ამავე კორპუსში, მეორე ბინა კი სულ რაღაც 47 580 დოლარად შეიძინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, არც სხვა ძვირადღირებულ საჩუქრებზე ამბობს უარს. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მან ორი საათი საჩუქრად მიიღო, ხოლო დანარჩენ 2 საათში კი 33 000 ლარი გადაიხადა.

ქონების დაგროვება, პარტიული სიით, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ დავით მათიკაშვილმაც დაიწყო. მის სახელზე, დეპუტატობამდე არც ერთი კვადრატული მეტრი და თეთრი ფიქსირდებოდა, თუმცა 2016 წლიდან დღემდე, დეკლარაცია გაავსო. სხვა ქონებებთან ერთად, ერთ კორპუსში 3 სახლი, სწორედ 2018-19 წლებში შეიძინა. მილიონერი ელგუჯა გოცირიძე წავკისში ორსართულიან აგარაკს ფლობს, გამწვანებული და მოპირკეთებული ეზოთი. თუმცა დეპუტატ ხახუბიას სახლი, ყველა რეკორდს ხსნის.

შაბათის ფორმულამ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის დეკლარაციაც გადაამოწმა. დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურს ფეშენებელური სახლი სულ რაღაც 125 000 ლარი დაუჯდა, თუმცა ძნელი მისახვედრი არაა, რომ 125 000 ლარი მხოლოდ სახლის 2 ჭიშკარი ღირს. ტაბახმელაში სახლის შეძენამდე შს მინისტრი ვარკეთილში, კორპუსის ბინაში ცხოვრობდა.

ძვირადღირებული რეზიდენციები გომელაურივით არ აქვს, თუმცა შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, შს მინისტრის პირველ მოადგილე ბედოიძეს, წილები ფერმაში აქვს. ბედოიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ის და მისი ნათესავი მიხეილ ბედოიძე, ფლობენ იმ მიწებს, სადაც შპს ეკო კვერცხის ფერმებია განლაგებული. ჩინოვნიკი ამ კომპანიის დირექტორია. წყარო შაბათის ფორმულას უყვება, რომ ბედოიძეს ფერმაში გაფორმებული ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰყავს დასაქმებული.

ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს სამსართულიანი და აუზიანი სახლი 100 000 დოლარი დაუჯდა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, იპოთეკური სესხით შეიძინა. ძვირადღირებული მიწა წავკისში, ორსართულიანი სახლი აუზით, 100 000 დოლარი არც 2017 წელს ღირდა და არც ახლა. ქარსელაძეს გვერდით სულ მალე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დასახლდება, მან 2021 წელს, 1304 კვადრატული მეტრი მიწა, იყიდა და სამშენებლო სამუშაოებიც უკვე დაიწყო.


close დახურვა