logo
ENG



ოცნების ბოიკოტის გამო, ოპოზიციის მიერ მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა

01 ნოე 202217:17
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა თბილისის საკრებულოში არ შედგა. მიზეზი ქართული ოცნების ბოიკოტია.

საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მისი მოადგილეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც სხდომა ვერ გაიხსნა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეშინია კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემის, არ აქვს კითხვებზე შესაბამისი პასუხები და სწორედ ამიტომ, თანაგუნდელებმა მას მხარი აუბეს და არ გამოცხადდნენ სხდომათა დარბაზში.

"კალაძე დავიბარეთ ამ ორგანოში, იმიტომ რომ მან უნდა გასცეს პოლიტიკურ კითხვებზე პასუხი, იმიტომ რომ ის გრძნობს, რომ მას პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ სამართლებრივი, რადგან ვფიქრობთ, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, გადავწყვიტეთ, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური კითხვები დავუსვათ იმ საქმესთან მიმართებაში, რაც ეხება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. რაც შეეხება იმას, აქ რა მოხდა, 1 საათის წინ დაახლოებით, ყველა კომისიის თავმჯდომარე აქ იყო და ადგნენ და გავიდნენ ერთიანად. სიმხდალის ნიშანია, ჩემი აზრით ეს და ნეტა როგორც ჩემს დაპატიჟებაზე არ მოდის კალაძე საკრებულოში, ასე არავინ არ მისულიყო მის დაპატიჟებულზე იმ სკვერში, სადაც შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა", - ამბობს ცოტნე კობერიძე.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ რამდენჯერმე მოითხოვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და დაიბარა კახა კალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხა და თქვა, რომ "მოიცლის მათთვისაც და შეკითხვებს პასუხს გასცემს"

***

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

 

 


close დახურვა