logo
ENG



ოცნების დეპუტატი: მხარდაჭერა კობახიძეს - ის შემთხვევაა, როცა ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას

25 ივლ 202222:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/25/tgp0p3bg4nkavgt.png

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისადმი შეურაცხყოფას ეხმაურება და პარტიის თავმჯდომარეს მხარდაჭერას უცხადებს.

მიქანაძის მტკიცებით, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს "თმენის ვალდებულებას ვერ მოსთხოვ".

"ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს. სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები"- წერს მიქანაძე.

მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".

მომხდარის შემდეგ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კობახიძეს გამოექომაგა და მისი საქციელი გაამართლა.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა უფრო მწვავე შეურაცხყოფაც დაიმსახურა, რადგან თავად შეურაცხყოფა კობახიძე. მან ჟურნალისტებს "ფსკერი და კრემლის სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

 


close დახურვა