ქართველი იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მეცნიერები ქართული ოცნების დეპუტატების და მთავრობის წარმომადგენლების - ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, რატი ბრეგაძისა და ანრი ოხანაშვილის სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელ გერმანელ პროფესორებს განცხადებით მიმართავენ.
ღია წერილის ადრესატები არიან გერმანელი პროფესორი მარტინ ჰეგერი (ოხანაშვილის ხელმძღვანელი) , ოტო ლუხტერჰანდი (ბრეგაძის ხელმძღვანელი) მაიკლ მარტინეკი (პაპუაშვილის ხელმძღვანელი) და მარტინ მორლოკი (კობახიძის ხელმძღვანელი). ისინი დიუსელდორფის, ზაარბრიუკენის, ჰამბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორები არიან.
განცხადების დასაწყისში საუბარია ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონზე, რომელიც ავტორების თქმით, ღრმად რეპრესიულია და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს და ასევე, ნათქვამია, რომ ქართული ოცნების წევრების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელობა იყენებს, ძირს უთხრის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული ღირებულებების ფუნდამენტურ პრინციპებს, კითხვებს აჩენს იმ იურიდიული განათლების გავლენის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნების ლიდერების ქმედებები "ეწინააღმდეგება გაკვეთილებს, რომლებიც მათ გერმანიაში ყოფნის დროს უნდა ესწავლათ".
"ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ მორალური მოვალეობა, ისაუბროთ... გვესმის, რომ ეს დელიკატური საკითხია, მაგრამ ფსონები ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ დუმილში ვიყოთ", - აცხადებენ წერილის ავტორები და მოუწოდებენ გერმანელ დეპუტატებს, საჯაროდ დაგმონ რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკა, რომელიც ანადგურებს ქვეყნის დემოკრატიულ საზოგადოებას.
განცხადებას ხელს 50-მდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, იურისტი და პროფესორი აწერს.