logo
ENG



ოხანაშვილი: თუ ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს დაუკავშირა, ბოდიშს ვიხდი

07 აპრ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი: თუ ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს დაუკავშირა, ბოდიშს ვიხდი
ანრი ოხანაშვილი
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ბოდიშს იხდის "თუ ვინმემ მისი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა".

"გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!

თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა. რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი", - წერს ოხანაშვილი Facebook-ზე.

 6 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ანრი ოხანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: "უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს, სიტყვით გამოსულიყო პარლამენტში, ასევე ქართული ოცნება ამბობს, რომ ენმ-სთანაა ის აფილირებული. რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება?"

ამაზე მან უპასუხა, რომ თუ უკრაინასთან შუამავალი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, მაშინ "მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა".

მანვე დაამატა, რომ კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, "ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება".

"წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს ნაციონალური მოძრაობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.

კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ უკრაინაში.

ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს", - თქვა ოხანაშვილმა. 


close დახურვა