logo
ENG



ოხანაშვილი: საგამოძიებო კომისიაში მოსვლა ოპოზიციის ნებაზე არაა დამოკიდებული, მათ მოუწევთ ეს

10 თებ 202115:16
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი: საგამოძიებო კომისიაში მოსვლა ოპოზიციის ნებაზე არაა დამოკიდებული, მათ მოუწევთ ეს

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს რომ ოპოზიციას რეგლამენტი ავალდებულებს, გამოცხადდეს საარჩევნო საკითხზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე. დღეს, 10 თებერვალს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ოხანაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციონერებს "მოუწევთ" კომისიის წინაშე ფაქტების წარდგენა. 

"ყველას შევახსენებ, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა არის სავალდებულო. თვითონაც კარგად იციან, რომ არავის ჰქონდა უფლება უარი ეთქვა საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე. 

გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მათ მოუწევთ, კომისიის წინაშე მოსვლა და ფაქტების წარდგენა, თუ აქვთ. არავინ დაავალდებულებთ, კონკრეტული ფაქტი მოიტანონ, მაგრამ თუ ჰქონდათ, პასუხის გაცემა მოუწევთ, რა ფაქტებზე საუბრობდნენ. თუ ეს ფაქტები არ ჰქონდათ, საზოგადოება ნახავს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია "სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს".

თამარ კორძაიამ განმარტა, რომ მათ გაერთიანებაში შემავალი ოპოზიციური პარტიები ქართულ ოცნებას არ დაეხმარებაიან "დემოკრატიის ფასადის შექმნაში". 

"თუ რაიმე აინტერესებს ქართულ ოცნებას, ცესკოს მიერ უკვე გადაკეთებული გადაწყვეტილებები საჯაროდაც დევს და შეუძლით იქედან შეისწავლონ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ვინ ეყოლებათ ოპოზიციიდან? პარტია მოქალაქეების წარმომადგენელი, რომელმაც ძალიან მსუბუქად მიიღო ხელისუფლების თავდასხმა, არათუ ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ, არასამთავრობო სექტორზე, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი შედეგები 8%-ის მეტობაზე სრულიად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. 

თუ ასეთი ოპოზიციური ძალებით ფიქრობენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენთვის ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, თითქოს შეისწავლოს საკითხები, თითქოს ობიექტური სახით ელაპარაკოს მის მიერ მოტყუებულ ამომრჩეველს", - ამბობს თამარ კორძაია. 

მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ინიციატივით გამოვიდა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილეს.

 


close დახურვა