„გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, საკუთარი მიზნებისთვის როგორც ჩანს რაღაცას გეგმავდნენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის საქმეს.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია დადგინდეს, ვის რა კავშირი ჰქონდა საქმესთან და რა იგეგმებოდა რეალურად.
„შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, საკუთარი მიზნებისთვის როგორც ჩანს რაღაცას გეგმავდნენ. უნდა დადგინდეს, ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად, რასთან მიმართებაში და რა სცენარით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.