logo
ENG



ოხანაშვილი გვარამიაზე: ხელისუფლებასა და სასამართლოს შეთანხმებაზე საუბარი წარმოუდგენელია

01 დეკ 202018:48
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/01/c2hjsthh4j009hv.jpg

მმართველი პარტიის წევრი ანრი ოხანაშვილი მთავარი არხის მფლობელი ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნონსენსია, როდესაც ხელისუფლებისა და სასამართლოს შეთანხმებულ მოქმედებაზეა საუბარი.

"8 მარტის შეთანხმებაში სადმე გვარამია ეწერა? სადმე იყო დაფიქსირებული? მე სასამართლოს წარმომადგენელი ვარ? მე რა შეფასება უნდა მოგცეთ? თუ ვინმე გვაჩვენებს და იტყვის, რომ ვინმე შეთანხმდა და მით უმეტეს, ხელისუფლებამ გაბედა და ვინმეს შეუთანხმდა თუ ვისთან მიმართებაში უნდა წარიმართოს სასამართლო პროცესი და ვისთან მიმართებაში არა, ეს არის ნონსენსი, ამას ვერავინ იტყვის. ასეთი შეთანხმება საწყისშივე დანაშაულია და ასეთ შეთანხმებაზე საუბარი წარმოუდგენელია", - აცხადებს ოხანაშვილი.

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. Facebook-ის გვერდზე იგი წერს, რომ ამით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო". მისივე ვარაუდით, ამ საქმეს მმართველი პარტია "სავაჭრო თემად" გამოიყენებს ოპოზიციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 


close დახურვა