logo
ENG



ოხანაშვილი დახმარებებზე: საუბარი საარჩევნო მოსყიდვაზე აბსურდია, ხალხს ფარად გადავეფარეთ

06 აგვ 202016:30
3 წუთის საკითხავი
clock 616
f7ccan2dt2649u4.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, ოპოზიციის კრიტიკა, რომელიც ერთჯერადი დახმარებების გაცემას ეხება, აბსურდულია. 

ოხანაშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა პანდემიის პირობებში კარგად იმუშავა და საერთაშორისო პარტნიორების მოწონება დაიმსახურა. 

"თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, ყველაფრის მკადრებელი ხარ პოლიტიკურად. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომ ვითომ ეს არის პოლიტიკური მოსყიდვა. საუბარი საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით არის აბსურდი", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 

დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დახმარება მაშინ გასცა, როცა მოსახლეობაში ამის საჭიროება იყო. იგი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას პანდემიის პირობებში "ფარად გადაეფარა" და ერთჯერადი დახმარებების წინასაარჩევნო პერიოდთან და მოსყიდვასთან არანაირ კავშირში არ არის. 

"ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში. ქართული ოცნების გუნდი, არის ის გუნდი, რომელიც მზად არის კრიზისულ სიტუაციებში - ეს უკვე დადასტურდა და ამას უკვე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიეცა შეფასება, გუნდი, რომელიც გადაეფარა საზოგადოებას ფარივით წინ, რომ მათ არ მიეღოთ დარტყმა. ჩვენ გადავეფარეთ ფარად და ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დოკუმენტების არასრულად წარმდგენი თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას აიღებენ

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ მოსახლეობის მოსყიდვად შეაფასა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემას ეხება.

 


close დახურვა