ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე, შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა, პასუხობს, რომ ისინი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებენ. ჟურნალისტებთან კომენტარისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:
"ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია მეგობრებთან. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ. ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა. ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება ქვეყნის მთავარი კანონი", - თქვა ოხანაშვილმა.
დღეს, 19 ივნისს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მოუწოდება პარლამენტს, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უზენაეს სასამართლოში, რაც მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. კელი დეგნანი საუბრობს იმაზეც, რომ ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემა.
"თუკი მოსამართლეები დისკუსიებამდე, ყველა მხარის ჩართვით სასამართლო რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე დაინიშნებიან, ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ძირის გამოთხრა და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა", - ამბობს ელჩი და იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტი "ძალიან სერიოზულად" აიღებს მის პასუხისმგებლობას და შეასრულებს იმას, რისი ვალდებულებაც აქვს 19 აპრილის შეთანხმებით.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. მათი თქმით, ამით ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას არღვევს.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.