logo
ENG



ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს

15 აპრ 202410:33
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს.

ოხანაშვილი მიზეზად "დეზინფორმაციის" გავრცელებას ასახელებს. მან ევროოპტიმისტების წევრ ხატია დეკანოიძეს მიკროფონი მაშინაც გაუთიშა, როდესაც განხილვაზე ჟურნალისტების არშემოშვება ახსენა.

დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა

რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტები.

ამასთან, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა