ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დაკავებულთა ამნისტირების შემთხვევაში შესაძლოა ბრუნვაში უკანონო იარაღი გაჩნდეს და ამან "გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია სხვა შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან მიმართებაში".
ქართულმა ოცნებამ ამნისტიის კანონპროექტი, ერთპარტიული პარლამენტის შეკრებიდან 5 დღეში, 16 დეკემბერს დაარეგისტრირა. ოცნების დეპუტატებმა დღეს უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, თუმცა დოკუმენტის გასაჯაროვებისთანავე პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლების მიმართ არაერთი კითხვა გაუჩნდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტის დარეგისტრირებისთანავე აცხადებდნენ, რომ ამნისტიის პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებისგან აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით დარეგისტრირდა.
ამას გარდა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი არ მოიცავდა იმ დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას, რომლის გამოც ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს დაპატიმრებული.
ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლი მოჰყავდათ, რა ბრალდებითაც სამართალდამცველებმა 18 ნოემბრის აქციაზე ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი რურუა დააკავეს.
დაკავების დღიდან რურუა და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მთავარი არხის თანადამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს. ამას გარდა, პოლიტიკური ოპონენტებისა და ამერიკელი და ევროპელი კანონდმებლების ცნობით, რურუას გათავისუფლება ე.წ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. 2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა შეთანხმებით გათვალისწინებული ორი პატიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რურუა ამ დრომდე ციხეში რჩება.
ახლა კი, რურუას მიმართ წაყენებულ ბრალს არ ითვალისწინებს არც ქართული ოცნების მიერ პარლამენტში მეორე მოსმენით დამტკიცებული ამნისტიის კანონპროექტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლის შეტანა დანაშაულის ზრდის მიმართ ჯაჭვური რეაქციის რისკებს შეიცავდა.
„ადამიანი, რომელიც იარაღის ტარებისთვის არის გასამართლებული და ამ მუხლის ამნისტირება რომ მოხდეს, ეს აჩენს რისკს, რომ ბრუნვაში გაჩნდეს უკანონო იარაღი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია სხვა შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან მიმართებაში“, - აცხადებს ოხანაშვილი.
თუმცა ამნისტიის კანონპროექტი არაერთ ძალადობრივ დანაშაულს მოიცავს, მათ შორის, ქონების დაზიანებას, სხეულის დაზიანების რამდენიმე კატეგორიას და ა.შ. სულ პროექტი 44 მუხლს ითვალისწინებს, მათ შორის, უვადო პატიმრობაშეფარდებული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებასაც.
მიუხედავად ამისა, ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ გიორგი რურუასთვის შეფარდებული მუხლის ამნისტირება შექმნიდა დანაშაულის ზრდისა და კრიმინოგენული ვითარების დამძიმების რისკებს.
"ბალანსი დაცულია, რომ ერთი მხრივ, კონკრეტულ პირებს შეღავათი გაეწიოთ და მეორე მხრივ, ეს ისე მოხდეს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ეს სულისკვეთებაა ამ პროექტში და ამიტომ არ ეხება მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას და ისეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ქმნიან რისკს გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით", - ამბობს ოხანაშვილი.