პალესტინის ელჩი გაეროში, რიად მანსური ამბობს, რომ "ისრაელის პოლიტიკა პალესტინის კაცობრიობასა და მშვიდობაზე თავდასხმაა".
"ისრაელი მუდმივად ამბობს, რომ ღაზის ბლოკადაა და მუდმივი თავდასხმები ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ნათელია, რომ მისი ბლოკადით და თავდასხმებით ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ახლა, როდესაც ისრაელი ცდილობს, გაამართლოს მორიგი თავდასხმა იმავე მცდარი წინაპირობით, არავინ უნდა თქვას ან გააკეთოს რაიმე, რომ წაახალისოს ის ამ გზაზე.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გზავნილები ისრაელის თავდაცვის უფლების შესახებ, ისრაელის მიერ განიმარტება როგორც მკვლელობის ლიცენზია. ისრაელი მოელის და ითხოვს პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას მიზნების წინსვლისას, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ლეგიტიმაციას და კონსენსუსს. მისი პოლიტიკა არის თავდასხმა ჩვენს კაცობრიობაზე, საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე და წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი ხალხისთვის", - ამბობს პალესტინის ელჩი გაეროში.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.