logo
ENG



პანდას დაარსებამდე მისი მფლობელები ჯი-დი-ეს-ში მუშაობდნენ

21 დეკ 201919:03
3 წუთის საკითხავი
 
2nnzeuz2em127ln.jpg

სარეკლამო სააგენტო „პანდა“, რომელიც ფეისბუკის ადმინისტრაციამ ოფიციალურ პრესრელიზში ტროლების ფაბრიკის და ყალბი ანგარიშების მმართველად დაასახელა, ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნნდა. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს: ნიკა ქოჩიაშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი და როლანდი, იგივე კოკო ბარათაშვილი. მათი სარეკლამო საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, საზოგადოებამ ისინი გასულ წლებში მუსიკალური პროექტის წევრებად გაიცნო.

ვიდრე მუსიკალურ პროექტს დაიწყებდნენ, კოკო ბარათაშვილი და ნიკა ქოჩიაშვილი ტელეკომპანია „ჯიდიესში“ მუშაობდნენ, სადაც კომედიურ სკეტჩებს აკეთებდნენ. კოკო ბარათაშვილი მხიარულთა და საზრიანთა ახალგაზრდული კლუბის დამაარსებელიცაა.

სააგენტო „პანდა“ იურიდიულად პოლიტკოვსკაიას 50-ში არის გაფორმებული. რეალურად კი ოფისი ფანასკერტელის 23-ში მდებარეობდა. ეს ბინა, უკვე რამდენიმე თვეა, ცარიელია. მანამდე აქ რამდენიმე ახალგაზრდა მუშაობდა. მეზობლები მათ სცენარისტებად იცნობდნენ.

სააგენტო „პანდას“ გარდა, ფეისბუკის ადმინისტრაციამ დაასახელა კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ყალბი გვერდების შექმნასა და ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელებაზე მუშაობდა - „ქართული ოცნების“ მთავრობა. დასახელდა თანხაც, რომელიც მსგავსი გვერდების რეკლამირებაში დაიხარჯა: 316 ათასი დოლარი. ყალბი გვერდების და პროფილების უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგაა შექმნილი და ისინი სინქრონულად იმართებოდა. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და ინტერნეტტროლების საქმიანობას სწავლობს, აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესი ყალბი ანგარიშების შექმნაში უკვე რამდენიმე წელია, აშკარად იკვეთება.

განსაკუთრებული გააქტიურება პროსახელისუფლებო ფეისბუკტროლებმა ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყეს, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის წევრებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია გააჩაღეს. ამ დროს შეიქმნა ეგრეთ წოდებული ელფების არმიაც - მოხალისეთა ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ანგარიშების გამოვლენა აქტიურად დაიწყეს.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში კი მიიჩნევენ, რომ მომდევნო თვეებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა მაინც გაიზრდება.

„მედიაჩეკერის“ მონაცემებით, ყალბი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი გვერდების უმეტესობა, რომელიც ახალი შექმნილი იყო - უკვე დაბლოკილია. ცნობილია ისიც, რომ Facebook-ი ყალბი გვერდების ამოცნობას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, გაუქმებული ანგარიშების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ასევე, დამატებით გამოაშკარავდნენ ის პირებიც, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების აზრის ფორმირებას ცდილობენ.


close დახურვა