კოვიდრეალობა და კარანტინში მოქცეული ქართული დემოკრატია - საინფორმაციო სივრციდან ვირუსის გამო გამქრალი თემები, თვითკმაყოფილებაში მყოფი ხელისუფლება და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ჩაწერილი ვიდეოთი მაინც მიემართა ხალხისთვის, „ტიკ-ტოკით“ გვიგზავნის სიგნალს.
ჯერ კიდევ პანდემიამდე მწვანე კედლის მიღმა ჩაკეტილმა ხელისუფალმა პანდემია მოკავშირედ გაიხადა, პოლიტიკას ანესთეზია გაუკეთა და საკუთარი რეალობა შექმნა, თუმცა ეს რეალობა, ადრე თუ გვიან, მაინც დასრულდება და როცა დამშეული, დაუძლურებული ორგანიზმი გამოფხიზლებას დაიწყებს, ბევრი კითხვა დაიწყებს ადრესატის ძიებას პასუხებისთვის: რაზე აქვს გათვლა და რას შეიძლება გეგმავდეს სახელისუფლებო ცენტრი? აქვს თუ არა მას იმ რეალობის აღქმა, რომლიც კომენდანტის საათის გამო ახლა მხოლოდ სოციალურ ქსელში და სამზარეულოში გროვდება? ორი რეალობა: ტიკ-ტოკური სიმსუბუქე მწვანე კედლის მიღმა და ჩვენი დროების საქართველო მწვანე კედლის აქეთ.
ხელისუფლება მწვანე ფარდის იქით საკუთარი რეალობის შექმნას ცდილობს. იმ რეალობაში, რომელშიც ხელისუფალს "ტიკ-ტოკის" გადაღებაც კი შეუძლია, თუმცა ამ კედლის აქეთ სულ სხვა რეალობაა. რუსთაველზე მდებარე მწვანე კედლით ხელისუფლებამ მთავარი პოლიტიკური სცენა შემოღობა. საპროტესტო აქციების სივრცე დაიკავა, როგორც ჩანს დიდი ხნით, თან ისე, რომ 9 აპრილს ქვეყნის ფორმალურმა მმართველმა, სანთელი მისსავე აღმართულ მწვანე ღობესთან აღმართა. ვისაც კარგი პოლიტიკური მეხსიერება აქვს, მას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც პარლამენტის შენობა პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იყო. ბოლო 8 წლის განმავლობაში ცენტრმა აქედან ორიოდ კილომეტრში გადაინაცვლა, თუმცა სცენა ისევ სცენად დარჩა. კოვიდ-19-ის და საგანგებო ვითარების გამო თითოეული ჩვენგანი ნებაყოფლობით შეზღუდვებში ვცხოვრობთ. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ახსოვს ის მომენტი, როდესაც მოქალაქის თავისუფლება ასეთი ლიმიტირებული იყო, სახელმწიფოს და ხელისუფლების როლი კი - ასე გაზრდილი.
კოვიდის შემდეგ მწვანე კედლის იქითა - ვირტუალურ, და აქეთა რეალურ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგიდან დროებით, მაგრამ მაინც გაქრა საუბრები თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლაზე, პანკისის ხეობაში დანაყოფების შეყვანაზე, 20 ივნისზე, გავრილოვის სისხლიან ღამეზე, თვალების დათხრაზე ბრძანების გამცემსა და შემსრულებელზე, პირადი ცხოვრების ვიდეოკადრებით შანტაჟზე, ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე, ტროლების ქარხანაზე, პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებაზე, ციანიდის საქმეზე, მედიასაშუალებების დევნაზე, ანაკლიის გაჩერებულ პორტზე და სხვა.
ამ თემების საინფორმაციო სივრციდან გაქრობა, ბუნებრივია, ხელისუფალს კომფორტულ გარემოს უქმნის. ხელისუფლებაში ახლა ფიქრობენ, როგორ მიიღონ სასურველი შედეგი არჩევნებზე. ეს მაშინ, როდესაც ყველა კვლევით "ქართული ოცნების" რეიტინგი ოპოზიციისაზე დაბალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მედიას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახლა კითხვის დასმის საშუალება არ აქვს, ადრე თუ გვიან, ყველა კითხვა ადრესატს იპოვის. მწვანე კედლის იქით ახლა ტიკ-ტოკია, აქეთ კი - სხვა რეალობაა. თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს, პოლიტიკამ კი უკანა პლანზე გადაიწია. ახლა მთელი ქვეყანა ვირუსის არითმეტიკაშია ჩართული, "ქართულ ოცნებას" კი მოსწონს, რომ მისი ერთი ხელის დაქნევაზე მთელი ქალაქი ჩერდება - ეს ყველაფერი მათთვის ედემის ბაღია.