logo
ENG



პანდემიის პირობებში მსოფლიო ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას ცდილობს

08 მაი 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა, მოქალაქეები კარანტინის შემდეგ, ახალ რეალობას ეჩვევიან. არაერთი სპეციალისტი ამბობდა, რომ ჯერჯერობით მაინც, მსოფლიო აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც კოვიდ 19-ის პანდემიამდე იყო. მთავარი, რასთანაც საზოგადოებას არაერთ ქვეყანაში მოუწევს შეგუება, სოციალური დისტანციაა

დისტანციის დაცვის ნიშნები იქნება სავაჭრო ცენტრებში, სუპერმარკეტებში, მეტროებში, რკინიგზის და ავტოსადგურებზე. ევროპის, აზიის და ამერიკის მეგაპოლისებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მილიონობით ადამიანი მგზავრობს, ხალხს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოწევს. მათ შორის პიკის საათებში, როდესაც ტრანსპორტი ყველაზე მეტად  გადატვირთულია. 

დისტანციურად მართული რობოტი, სახელად „სფოთი“ სინგაპურში გამოიგონეს. ის ქვეყნის ეროვნულ პარკებში გამოსულ მოქალაქეებს შორის უსაფრთხო დისტანცირებას უზრუნველყოფს. ორკვირიანი ცდების შემდეგ, კამერებით და სენსორებით აღჭურვილი რობოტები პარკებში უკვე პატრულირებენ და აფრთხილებენ მოქალაქეებს, თუკი ისინი ერთმანეთს მიუახლოვდებიან. 

15 მაისს ბარებს და რესტორნებს გახსნის ავსტრია, თუმცა მისი საზღვრები ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილი დარჩება. პირველი ქვეყანა, სადაც ავსტრიელები მოგზაურობას ზაფხულში შეძლებენ, სავარაუდოდ მეზობელი გერმანია იქნება. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე კანცლერმა განცხადა. 

„ეს არის თავისუფლება“ - ასე შეაფასეს ესპანეთში ვარჯიშისთვის სანაპიროების გახსნა. 55 დღიანი შეზღუდვების და სახლში დარჩენის შემდეგ, ინდივიდუალური სპორტით და ცურვით გატაცებული მოქალაქეები ბარსელონის პლაჟებზე დღეს დილიდანვე გავიდნენ, როგორც კი შეზღუდვა მოიხსნა. მათ სანაპიროზე მხოლოდ სავარჯიშოდ, დილის 6-დან დილის 10 საათამდე ყოფნის უფლება აქვთ. 

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე, ადგილობრივი, სანაპირო ბიზნესების მფლობელები პლაჟის სკამების გარშემო დამცავ მინებს ამონტაჟებენ. მუდამ ხალხმრავალ კუნძულზე, რომელიც კორონავირუსის გამო დაცარიელდა, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ტურისტების მიღებას მალე ისევ შეძლებენ. 

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში 271.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირების შემთხვევა კი თითქმის 4 მილიონია.


close დახურვა