პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის შვილის, გედიშ ხანგოშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა მის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ მისი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ხანგოშვილი სახლის ჩხრეკას თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს. უხუცესთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი მისი ნაცნობი იყო და წინა დღეს მის სახლში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის ცენტრში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ეროვნებით ჩეჩენი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.