რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.
ფორმულა პაპის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად თქვენი აღსაყდრების ორმოცდახუთ წლისთავსა და დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადმოგცემთ ჩემს გულითად და საუკეთესო სურვილებს, ჩემს ლოცვებთან ერთად, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა და უხვი სულიერი წყალობა თქვენს მრავალწლიან სამწყსოს მსახურებაში. მაშინ, როცა უფლისადმი თქვენი მრავალწლიანი მსახურების პერიოდში თქვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევისა და ფართომასშტაბიანი გარდაქმნის წინაშე იდგა, თქვენდამი მინდობილი ეკლესია ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვაოდა.
ეს მაგონებს მოციქულის სიტყვებს "მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე" (ფილ 1:6). ამასთან დაკავშრებით, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგცეთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, კვლავაც დაამოწმოთ ქრისტესეული სიყვარული მსოფლიოში და იღვაწოთ თქვენი სამწყსოსა და მთელი ქართველი ერის სასიკეთოდ.
მსურს იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მუსიკალურ ნაწარმოებს - ხშირად ვუსმენ მათ, როგორც ძვირფას საშუალებას, რომელიც ლოცვისთვის მზადებაში მეხმარება. ამას ჩემთვის დიდი სარგებელი მოაქვს! ძვირფასო უფლისეულო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა თავისის მოსასხამის ქვეშ დაგიფაროს, გიძღვნი ძმურ სამშვიდობო ამბორს და ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას მომიხსენიოს ლოცვებში", - წერია რომის პაპის წერილში.