logo
ENG



პაპუაშვილი: ვისთანაც უნდოდა ირაკლი კობახიძეს შეხვედრა, ზუსტად იმ ხალხს შეხვდა

08 ნოე 202415:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/5624wymlaxva2wu.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს პრემიერმინისტრი შეხვდა ყველას, "ვისთანაც სურდა შეხვედრა". ამის შესახებ მან კახეთში ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

"ირაკლი კობახიძე შეხვდა ყველას, ვისთანაც ირაკლი კობახიძეს სურდა შეხვედრა. ვისთანაც უნდოდა ირაკლი კობახიძეს შეხვედრა, ზუსტად იმ ხალხს შეხვდა", - თქვა პაპუაშვილმა.

7 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ კობახიძე რამდენიმე ევროპელ ლიდერს შეხვდა და მათ ხელი ჩამოართვა, თუმცა მათ შორის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები არ არიან.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში კობახიძე ძირითადად დაფიქსირებულია მემარჯვენე პოპულისტური ან პრორუსულად განწყობილი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის არიან თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და მასპინძელი უნგრეთის წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა კობახიძის საერთო ფოტო სომხეთის პრემიერთან, რომელმაც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შეხვედრაზე დასწრების გარდა, კობახიძემ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რომელთანაც ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.


close დახურვა