logo
ENG



პაპუაშვილი: მინდა უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადო, მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა

24 იან 202215:28
3 წუთის საკითხავი
clock 766
პაპუაშვილი: მინდა უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადო, მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა, ომის არდაშვება არა მხოლოდ უკრაინიის, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში უნდა იყოს. 

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად ეს არის როგორც უკრაინის ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში. მნიშვნელოვანია და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ ამ კომუნიკაციის შესაბამისად", - თქვა პაპუაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველად გუშინ გაკეთდა. ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. საქართველოს მთავრობას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები უკრაინის საკითხზე პასიურობის გამო აკრიტიკებენ

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა