ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა აიძულა და ამით ე.წ შერიგების თემა თავადვე დახურა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს.
"სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ. ამით მან თავად დახურა ე.წ შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს, საკუთარ თავისუფლებას საპირწონედ აყენებს საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ამბობს პაპუაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.
გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ "ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეა მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.