logo
ENG



პაპუაშვილი: ჩინოსანი, რომელიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის პარტნიორს, ქართველი არაა

16 ივლ 202118:54
3 წუთის საკითხავი
clock 1449
პაპუაშვილი: ჩინოსანი, რომელიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის პარტნიორს, ქართველი არაა

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ჩინოსანი, რომელის დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს" ქართველი არაა, თუმცა არ აკონკრეტებს, იგულისხმა თუარა მასში ქართულმა ოცნებამ ელჩი კელი დეგნანი. ამაზე მან პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, ჩინოსანი, რომელის დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს, ქართველი არაა

"რა თქმა უნდა ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში ის ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ. [...] რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით, თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ უზენაესში უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მწვავე შეფასებას უპასუხა, სადაც წერია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული ჩინოსნების გამო მიეწოდება. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება ამაში. 

"შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს". - ნათქვამია განცხადებაში. 

ქართულ ოცნება ამბობს, რომ "გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება". 

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მზად არის, "სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს". 

***

დღეს, 16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა. 

განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც.

რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგა და გაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.


close დახურვა