logo
ENG



პაპუაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინიდან მოწვევა მიიღო და მას არასათანადოს უწოდებს

08 აპრ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინიდან მოწვევა მიიღო და მას არასათანადოს უწოდებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რადას თავმჯდომარის მხრიდან სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მანაც მიიღო მიწვევა ბუჩაში ჩასვლასა და რუსეთის აგრესიის სისასტიკეში დარწმუნებაში, თუმცა არ ამბობს აპირებს თუ არა ბუჩაში ჩასვლას. 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ სურს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიაზრონ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა და ქვეყნების პარტნიორობა არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის "განუმარტებლობის ფონზე" ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია. 

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს.

ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, - წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ქართველმა, იცის ის გრძნობა „რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება“. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ  ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაიწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის“ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დიდი რესურსები არ აქვს, უკრაინის მხარდაჭერისადმი მისი ხმა ერთიანია. 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური და ისტორიული ვალია, რომელსაც საქართველო პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან უსამართლო ბრალდებების მიუხედავად ასრულებს.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ. შევასრულებთ ისე, როგორც ამას ქართველი და უკრაინელი ხალხების ძმობა იმსახურებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

***

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აპრილს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს.

როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

პარლამენტის პრესსამსახურმა ფორმულას განუცხადა, რომ მიწვევა არ მიუღიათ.

მოგვიანებით კი ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე განაცხადა, რომ ალბათ, პაპუაშვილი ავადაა და ამიტომ არ ეხმაურება ამ საკითხს.

"ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თავად უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 


close დახურვა