პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მარნეულელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარაზე ამბობს, რომ ვინც საზოგადოებრივად აქტიურია, "ყველა გამხდარა ჰეითერული კამპანიის სამიზნე". ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს ბაირამოვას და თქვა, რომ პირადადაც იცნობს მათ.
"როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მქონდა შესაძლებლობა, მქონოდა შეხვედრა იმ თემებთან დაკავშირებით, რითაც ის არის დაკავებული. ყველანაირად ვუცხადებ მას გვერდში დგომას და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი მალე გამოიძიონ.
ზოგადად, ის, რაც ხდება ქართულ სოციალურ ქსელში არის აბსოლუტურად მიუღებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ხოლმე აქტიურ ადამიანებს. ნებისმიერი, მნიშვნელობა არ აქვს, არის ეს სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი, ყველა, ვინც კი არის საზოგადოებრივად აქტიური, ყველა გამხდარა ამგვარი მუქარის და ჰეითერული კამპანიის სამიზნე. ამიტომ ესეც საკითხია, რომელზედაც ჩვენი საზოგადოება ზოგადად უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ ის სიძულვილი, რაც სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად, რამენაირად უნდა შეიბოჭოს", - თქვა პაპუაშვილმა.
ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს 20 მარტს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის ოფისის კედლებზე არის ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.
ამით ძალადობრივმა ჯგუფმა სამირა ბაირამოვას მიმართ პირველი მუქარა შეასრულა.
14 მარტს აქტივისტმა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სწორედ ამას მოჰყვა ალტ-ინფოს მხრიდან, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს წევრები ეუბნებიან, რომ "თავს მოაჭრიან".
სწორედ დღევანდელი ვანდალიზმის შემდეგ მიმართეს ხელისუფლებას სამირა ბაირამოვას მშობლებმა.
ღია წერილში მათ ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ამასთან, იციან არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანები დახოცეს მათი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო.
"ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკივილს, მაგრამ იმავეს განმეორება არ გვსურს, რადგან ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება". - აცხადებენ თეიმურხან ბაირამოვი და ხანაპირი ბაირამოვა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ალტ-ინფოს და მსგავსი ჯგუფების გამო უკვე 3 წელია, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა სირთულეებს უკავშირდება.
"ზედიზედ სამი წელია, ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან. გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვა აუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმილი და უმოქმედობა გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!" - აცხადებენ აქტივისტის მშობლები.
შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის შემოქმედია - ამ დღეს ჩააშალეს ლგბტქ პრაიდი და სცემეს 53 ჟურნალისტს. მათგან ერთ-ერთი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობის ინიციატორები ამ დრომდე არ დასჯილან.