საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას წერილით მიმართავს. პაპუაშვილი წერს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის განხილვისას ფართო კონტექტი უნდა იყოს გათვალისწინებული.
მიმართვაში პარლამენტის სპიკერი ვრცლად საუბრობს რატომ უნდა მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია", - აღნიშნულია წერილში.
"ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები. საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, საქართველო 2017 წლიდან არის ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი; 2017 წლიდან აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში; 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და მას შემდეგ განახორციელა აღნიშნული შეთანხმების 45 პროცენტი. ევროკავშირის წევრობის ყველაზე ახლო ასპირანტ ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში - პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სექტორული/ეკონომიკური თანამშრომლობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ.
საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით.
გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს.
საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერი მოწოდებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ასეთ მხარდაჭერას", - ვკითხულობთ წერილში.