პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია "პარაზიტობს" და ცდილობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საკუთარი დღის წესრიგისთვის გამოიყენოს.
პაპუაშვილს მაგალითად ხვალ დაგეგმილი აქცია მოჰყავს და აცხადებს, რომ "პარაზიტობაა, როდესაც აანონსებ აქციას, პარალელურად კი მიდიხარ კიევში, იმისთვის რომ იქ თავი გამოიჩინო".
პაპუაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ "1 წლის განმავლობაში, საქართველო იყო უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მიუხედავად ამისა კი, მუდმივად სოლიდარული იყო უკრაინის მიმართ".
"ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ვიზიტით კიევში, ჩვენი უკრაინელი კოლეგების რამდენიმე ვიზიტით დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტარებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის ძალიან თბილი და ჩვენ ამას ვუფრთხილდებით. ამ თბილ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები, ბრალდებები, იყო საუბარი, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. როდესაც თქვენს სამშობლოს, ქვეყანას აბრალებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს აწამებენ და ყველამ რომ იცის, რომ ეს არის ტყუილი და ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ოპონენტები და თუნდაც NGO-ები ამ მხრივ გვერდში არ გვიდგანან, იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო ამ პროპაგანდისტული შეტევისგან, ეს არის საწყენი.
მთავარი ისაა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა 1 წლის განმავლობაში, მრავალჯერ მოხდა, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, მიუხედავად ამისა, არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია ვყოფილიყავით სოლიდარულები, მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ასე რომ, ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო. რაც შეეხება იქ წასვლას, აკვირდებით, დღეს ბევრია მათ შორის ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და მიდიხარ სხვა ქვეყანაში, უკრაინაში და კიევში, იმისთვის რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტონ უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და შემდეგ იქ მიდიან, ეს არის პარაზიტობა", - თქვა პაპუაშვილმა.
20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ამავე დღეს დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ ვიზიტზე უარი თქვა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია "ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს".
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა. გარდა ნაციონალური მოძრაობისა, კიევში ომის წლისთავთან დაკავშირებით პარტია ლელოც ჩავა.