logo
ENG



პაპუაშვილი რეზოლუციაზე: არ აქვს მნიშვნელობა რამდენმა მიაჭირა ღილაკს თითი, ტყუილი ტყუილია

17 თებ 202300:52
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი რეზოლუციაზე: არ აქვს მნიშვნელობა რამდენმა მიაჭირა ღილაკს თითი, ტყუილი ტყუილია

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე აცხადებს, რომ "არ აქვს მნიშვნელობა რამდენმა ადამინმა მიაჭირა ღილაკს თითი, როდესაც ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე”.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის საქმეზე ვიხილეთ "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია სასამართლო" და მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

"არანაირი ასეთი ინსტიტუცია ან ინსტრუმენტი ან დეფინიცია ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის ციხიდან გათავისუფლება, არ არსებობს... ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია სასამართლო, მოვისმინეთ ყველა მტკიცებულება და გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს საფუძველი სასჯელის გადავადების. მათ შორის ამ კადრებსაც ვხედავთ, ხან თავად ადვოკატებს გამოაქვს ეს კადრები, ასევე უწევს სასჯელაღსრულების სისტემას კადრების ჩვენება” - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ქართული ოცნების წევრის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკითხით“ და ამის საფუძველზე აძლევენ ხმას.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა რეზოლუციას მხარი, რადგან "ტყუილს რამდენმა ადამიანმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი".

"ეს რეზოლუციები ბევრი მიიღება, ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკითხით და აქედან გამომდინარე ხმას აძლევენ. თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამინმა მიაჭირა ღილაკს თითი. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე. ტყუილს რამდენმა ადამიანმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი. ეს არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და მათ შორის გამოიწრთო ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ, რომ ამ ტყუილს ყოველთვის უპირისპირებს სიმართლეს და ამ სიმართლეზე ბოლომდე დგას" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს.

შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.  მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი".

ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

 

close დახურვა