პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვეტოს დადებით პრეზიდენტმა კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით მათი წუხილი გაიზიარა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, კვალიფიციური უმრავლესობა პოზიციებზე არჩევის დროს "საუკეთესო პრაქტიკა არაა ევროპაში", რადგან შესაძლოა გადაწყვეტილების ბლოკირება მოხდეს.
მას არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
"ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს 90-იო. ის რომ 100 ბევრია, კვალიფიციური უმრავლესობა ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ ვეტოდან ჩანს, რომ ამ ჩვენს შეშფოთებას პრეზიდენტი იზიარებს. ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით, რომ 2/3 არის ზედმეტად დიდი, არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. გამოსავალი იყო სწორედ, რომელიც ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ, რომ იყოს უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, 76-ის ხმით. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, დიდი განსხვავებას არ გვაძლევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.
მოქმედი რედაქციით საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
"100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.