პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების "არანაირი საფუძველი არ არის".
პაპუაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება, რომ ღარიბაშვილის ვიზიტისას "საბიუჯეტო თანხის არცერთი თეთრი არ დახარჯულა" და ამ განმარტებას "ენდობიან".
"არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ არის. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და სრულად დაფარულია ეს ხარჯები პრემიერის მიერ, ეს ერთი და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს ბიუჯეტის ხარჯით იყო, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არაა ბიუჯეტიდან დახარჯული და მეორეს მხრივ, გაკეთდა განცხადება, რომ მოხდება ყველა ხარჯის დეკლარირება.
საქართველოს პარლამენტის სახელით, საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს ხოლმე მონაცემებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაკეთდა განმარტება, ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არცერთი თეთრი საჯარო საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა და რა თქმა უნდა, ამ განმარტებას ჩვენ ვენდობით. საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, ენდობა. [...] ბორტთან დაკავშირებით განმარტებები იყო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ამ ბორტის გამოყენება კომერციული მიზნით, ამიტომ არაფერი სიახლე ამაში არ არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჩარტერის საკითხზე საუბარი "გადაფარვის მცდელობად" შეაფასა და თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს, "საკუთარ თანაგუნდელ ზურაბიშვილს" გადაეფაროს. მან ამას "სპეკულაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ხარჯებს პრემიერმინისტრი დეკლარაციაში ასახავს.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.