პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სასამართლო კომპეტენციაა, ამიტომ შიმშილობით მსგავსი საკითხები არ გადაწყდება.
"მდგომარეობა არის უკვე იმ ეტაპზე მისული, რომ შეიძლება, დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეწყვიტოს შიმშილობა. მოთხოვნას რაც შეეხება, ამ საკითხს წყვეტს სასამართლო, სასამართლოს კომპეტენციაა სრულად, განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები, რომ ისე გადაწყვიტოს, ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა.
შიმშილობით, მოთხოვნით, ასეთი საკითხები არ წყდება. ერთადერთი, რაც შეუძლია, რომ ამ შიმშილობამ გამოიწვიოს, ეს არის ჯანმრთელობის დაზიანება. განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ. ანი წითლიძე კი მე-12 დღეა შიმშილობს.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.