logo
ENG



პაპუაშვილმა ე.წ მოსმენების კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ხელი მოაწერა

14 სექ 202211:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ცნობით, ხელი მოაწერა ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის "პოლიტიკური ვეტოს" მიზეზი ის იყო, რომ მას "ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან" ესმოდა კრიტიკა კანონის თემისა და მხარეთა ჩართულობის შესახებ.

„დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესახებ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, ვენეციის კომისიამ 26 აგვისტოს გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც პაპუაშვილის აზრით, ვერ დაადგინა კანონის წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ "ცალკეულ აქტორებთან გასაუბრებებზე დაყრდნობით" გაიმეორა არგუმენტები ტემპისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესახებ.

პაპუაშვილის აზრით, ამ კანონის მიმართ ამგვარი აღქმის ჩამოყალიბების მცდელობა არსებობდა. თუმცა, მისი თქმით, კანონპროექტის ინიცირება 2022 წლის აპრილში მოხდა, მისი დაჩქარებული წესით განხილვა არ იყო მოთხოვნა, შესაბამისად მისი განხილვა სტანდარტული წესით წარიმართა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ განხილვის პროცესი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით 3 კვირით გახანგრძლივდა და პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, მესამე მოსმენით, ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით კი 5 თვეში მიიღო, რაც პაპუაშვილის თქმით "ყველაფერია გარდა სიჩქარისა".

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვაში, ასევე მისი ვეტოს დაძლევაში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე: სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო აქტორები. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიმე, ევროპულ თუ თუ საერთაშორისო უფლების სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით".

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

რაც შეეხება კანონის მიღების მიზანშეწონილობას, პაპუაშვილის თქმით, კანონის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხი სრულად საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა და პარლამენტმა 5 თვის განმავლობაში სრულად შეისწავლა კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები და 6 სექტემბერს დაადასტურა გადაწყვეტილება, შესაბამისად, პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობას კუთხით რაიმე არგუმენტი, რაც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე ამ კანონს ხელი მოვაწერე.

„ამა თუ იმ კანონის მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა საერთო ჯამში 5 თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლოოდ 6 სექტემბერს დაადასტურა მისი გადაწყვეტილება, მათ შორის კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე ამ კანონს ხელი მოვაწერე.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქართული ოცნების პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღო. 

თავდაპირველად სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 68 დეპუტატი წავიდა.

ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო 22 ივნისს დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. 

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. 


close დახურვა