პარიზის ტურისტულ, ხალხმრავალ ადგილებზე პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. რეგულაცია დღეიდან, 10 აგვისტოდან ამოქმედდა და ის საფრანგეთის დედაქალაქში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უკავშირდება.
ბრძანების მიხედვით, წესის დაცვა 11 წელს ზემოთ ყველა ადამიანს ეხება, ისეთ ადგილებში, როგორიცაა მდინარე სენის სანაპიროები და ღია ცის ქვეშ ბაზრობები. შეტყობინებებში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, 100-ზე მეტი ხალხმრავალი ქუჩაა აღნიშნული. წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 135 ევროა.
აქამდე, პარიზში პირბადის ტარება მხოლოდ დახურულ სივრცეებში იყო სავალდებულო.
7 აგვისტოს, პარასკევს საფრანგეთში კორონავირუსის 2 288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.