logo
ENG



პარლამენტი შესაძლოა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეს

16 მარ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცვლილებების პროექტს წარადგენენ, რომელიც საგანგებო ვითარების დროს პარლამენტის საქმიანობას განსაზღვრავს.

პროექტი უმრავლესობის წევრების მიერ არის შემუშავებული და ის ობიექტური გარემოებების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებას, რომ პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარმართოს. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები თავად არჩილ თალაკვაძის და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მიერ არის შემუშავებული. 

"არის ინიცირებული ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ თავმჯდომარეს ჰქონდეს დისკრეცია, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არის ობიექტური გარემოება, მოხდეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად, შესაბამისი ელეტრონული საშუალებებით. ამის მიზანია ერთის მხრივ უზრუნველყოთ პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება და მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე რეკომენდაცია, როგორც მთავრობის, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ეს პირნათლად შესრულდეს. ამ ჩანაწერში უზრუნველყოფთ იმას, რომ ორაზროვნება არ იყოს. პარლამენტის სხდომა ნიშნავს, როგორც ბიუროს, ისე პლენარულ სესიას და საკომიტეტო მოსმენას", - განაცხადა მაჭარაშვილმა

შეგახსენებთ, რომ მას შედეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე განკარგულება გასცა. ერთ-ერთი ბრძანების თანახმად საჯარო და კერძო სტრუქტურები, რომლებსაც აქვთ საშუალება დისტანციურად იმუშავონ, საქმიანობას სახლიდან გააგრძელებენ. ამ დროისთვის რამდენიმე უწყება უკვე გადასულია დისტანციურ და საგანგებო მუშაობაზე. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, როგორც მთავრობის წევრები ისე სპეციალისტები, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობსი გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ. 

კორონავირუსით საქართველოში სულ 33 ადამიანი დაინფიცირდა. 

 


close დახურვა