logo
ENG



პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენას დღეს დაიწყებენ

30 აპრ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენას დღეს დაიწყებენ
ფორმულა/ლანა მრავლაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე განხილვა დღეს, 30 აპრილს დაიწყება. 

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, მათ არსად ეჩქარებათ და განხილვას რამდენიმე დღესაც დაუთმობენ. 

პარლამენტის სხდომა 12 საათზე პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა, რის შემდეგაც კენჭისყრები ჩატარდება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაყინვას, ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვას ეხება.

26 აპრილს, აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც პრემიერს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.

27 აპრილს, ბუნდესტაგის წევრმა, ანიკო გლოგოვსკი-მერტენიმ განაცხადა, რომ ნონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.


close დახურვა