logo
ENG



პარლამენტის წინ აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მოქალაქეები ხელისუფლების წასვლას ითხოვენ

15 ნოე 201919:50
3 წუთის საკითხავი
 
6wsy4ueo9hf6ynt.png

გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მიღწეული შედეგი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი პირობის დარღვევაა მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ახლაც ქუჩაში დგას და ხელისუფლებას უპირისპირდება. ერთად ერთის წინააღმდეგ - აქცია პარლამენტის შენობასთან გრძელდება. უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია გადასული სამოქალაქო სექტორი და სრულიად ოპოზიცია. რუსთაველი გადაკეტილია და პარლამენტის შენობის წინ დადგმულ კარვებში მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.

დათმობას და უკან დახევას არ აპირებს საზოგადოება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტყუილს არ პატიობს. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეასრულებენ დანაპირები. 

„ერთადერთი რაც ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენს არის ოლიგარქია. ოლიგარქისთვის მთავარი არის ფული და არა სამშობლო. ფულს სამშობლო არ აქვს, ეს გაეპარა ქართულ ინტელიგენციას. ვის ინტერესებში შედიოდა ხალხის „დაჩმორიკება?" რუსეთის და ანუ შენ ასრულებ რუსეთის ინტერესებს," - აცხადებს „ფორმულასთან" საუბარში მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე. 

მოქალაქეების ნაწილი კი რადიკალურადაა განწყობილი და ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს და ეს პრორუსული ხელისუფლება გავუშვათ სანაგვეზე. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა მოუსავლეთში," - აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე „ფორმულასთან" საუბარში.

„რესპუბლიკური" პარტიის წევრ დავით ბერძენიშვილს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საარჩევნო სისტემითაც კი, ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას.

„როდესაც ევროსაბჭოში საქართველოს ჯგუფის ორივე მომხსენებელი ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებს, როდესაც ამერიკის კონგრესმენი, რომელიც საქართველოზე მუშაობს ამბობს, რომ შოკირებულია, როდესაც ასეთი რეაქციებია დასავლეთიდან და ეს შეფასებები გაიზრდება, ასეთ ვითარებაში ისეა ხელისუფლება დასუსტებული, არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი სისტემით წარმატების შემძლე იყოს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით არჩევნები იყოს ვადამდელი," - განაცხადა ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

ოპოზიციური სპექტრი გუშინდლის მერე ერთიანია. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და უმჯობესია ეს არჩევნები იყოს პროპორციული სისტემით. მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება 17 ნოემბერს 19:00 საათზე, სადაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

თავის მხრივ ხალხის აზრის მოსმენა აღარ უნდა ხელისუფლებას და პროპორციული არჩევნებისთვის ყველას 2024 წლამდე მოცდას ურჩევს. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

 


close დახურვა