პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებს და საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და კიდევ ორი წევრი - გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს.
ამრიგად, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო სიის 4 წევრი იმყოფება, რადგან საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს ავთანდილ ენუქიძეს. უშუალოდ, დღეს, 5 იანვარს, რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიას ინჯია, მიქაძე და ზილფიმიანი ესწრებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიიდან მათი ნომრების ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ ჰქონდათ მიმართული სწორედ გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. სწორედ მათ შეეძლოთ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ესარგებლათ და საკანონმდებლო ორგანოში ინაშვილის, თევდორაძისა და ლომიას ადგილი დაეკავებინათ.
ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.
31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი ამ დროისთვის 54-მა თქვა.