logo
ENG



პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია

22 ივლ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებს მეორედ უყარა კენჭი და ისევ ვერ აირჩია. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმდჯომარისა და წევრების არჩევას ხმების 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება.

22 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

  • გიორგი კალანდარიშვილი - 83 მომხრე, 11 წინააღმდეგი;
  • გიორგი სანტურიანი - 4 მომხრე 11 წინააღმდეგი.

ცესკოს წევრობის კანდიდატები

  • გია ცაცაშვილი - 83 მომხრე, 10 წინააღმდეგი;
  • ლელა ტალიური - 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
  • თამარ სართანია - 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
  • მაია ზარიძე - 77 მომხრე, 10 წინააღმდეგი.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა საჭირო რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, შესაბამისად, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.


close დახურვა