logo
ENG



პარლამენტში მაჭავარიანისა და ტიკარაძის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

25 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება. ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

გადადგომას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მინისტრებმა კანონი დაარღვიეს, როცა პარლამენტში მისვლაზე უარი თქვეს.  ამასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ რეგლამენტზე და კანონზე მაღლა ჯენტლმენურ შეთანხმებას აყენებენ.

დამოუკიდებელი დეპუტატები ურჩი მინისტრების წინააღმდეგ მარტო არ იქნებიან. ვანო მაჭავარიანისა და ეკატერინე ტიკარაძის იმპიჩმენტის პროცედურაში „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობაც" ჩაერთვება. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი რეალურია. საკანონმდებლო ორგანოში ახლა ოპოზიციურად განწყობილი 57 დეპუტატია, მაშინ როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხოლოდ 50 ხმა სჭირდება. დამოუკიდებელი დეპუტატები „ოცნებას" ბოლო შანს აძლევენ - თუ კანონდამრღვევ მინისტრებს სპიკერი არ დასჯის, იმპიჩმენტის დასაწყებად ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყება.

ვანო მაჭავარიანი იმ მინისტრებს შორის არის, ვინც რეგლამენტს თითქმის არასოდეს ემორჩილება. მესამე სექტორმა პარლამენტის საქმიანობა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ფინანსთა მინისტრთან 30-მდე „სადეპუტატო შეკითხვა" გაიგზავნა თუმცა კანონმდებლებმა პასუხი მხოლოდ რამდენიმეზე მიიღეს. მესამე სექტორი ამბობს, რომ იმპიჩმენტის დასაწყებად საფუძველი რეალურია. 50 დეპუტატს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, თუ სასამართლო კანონდარღვევას დაადასტურებს, დღის წესრიგში მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი დადგება.

ახლა ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც „ოცნების" სამიზნე გახდა. მმართველი პარტია მათ ისევ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იმპიჩმენტისთვის მიზეზი საკმარისი არ არის. იმის მიუხედავად რომ მინისტრებმა რეგლამენტი დაარღვიეს.

ვანო მაჭავარიანი კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს. დებატები 3 საკითხზე იგეგმებოდა - მათ შორის იყო ტელეკომპანიების ფინანსური დავალიანება. თუმცა ფინანსთა მინისტრმა რეგლამენტი დაარღვია; მაჭავარიანის დაუმორჩილებლობის გამო, განმარტებების გაკეთება მმართველ პარტიას მოუხდა თუმცა  ეს შესაძლოა ბოლო შემთხვევა იყოს. „ოცნებამ" გამოსავალს უკვე მიაგნო  და არასასურველი რეგლამენტის ცვლილებაზე ალაპარაკდა.  


close დახურვა