პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კერძოდ საუბარია ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოებზე, რომლის წევრიც არის საქართველო. აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში. ამ სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
"კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები", - განაცხადა მომხსენებელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპული საქართველოს ლიდერი, გოგა ბოკერია ამბობს, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და თავისუფლების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
"ივანიშვილის რეჟიმი იმის მაგივრად რომ ძალადობისთვის სჯიდეს ადამიანებს, უდავო ამბისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმითვისა და ადამიანების დარბევისთვის, ამის მაგივრად გადადის სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგეების მოედანზე და თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი შეხედულებებისთვის, შინაარსისთვის სჯის ადამიანებს", - განაცხადა ბოკერიამ