"აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს. საკვირაო ქადაგებაზე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახლა განსაცდელის ჟამია და ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ.
“დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივჰყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. აი, ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ასეთი მოწყალეა", - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, არავის უნდა შეეშინდეს ამ განსაცდელის და ის, რაც დღეს ხდება, მათ შორის შეზღუდვები და დისტანცია, ისევ ადამიანების კეთილდღეობისთვისაა. მთავარია ამ რთულ გზაზე საზოგადოება უფალს არ დაშორდეს.
"ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა... მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ“, - თქვა ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.