საქართველოს პატრიარქი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დავით-გარეჯში ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება და დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს. "ფორმულა ნიუსი" საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:
საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წ. 5-7 მარტს და 1996 წ. 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.
ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარედ არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი და მონასტერი და მიწა რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7,1). ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.
ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, – დაუშვებელი.
ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.
ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, – აღნიშნულია განცხადებაში.