საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ "ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით" ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩხარტიშვილის ოჯახი მათთან "ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში".
გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია ჩხარტიშვილის "ინიციატივებზე", რომლითაც ის საპატრიარქოს "ეხმარება".
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
გასულ წელს, უკრაინულმა პორტალმა ომი და სანქციები, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი, 12 ქართველის მონაცემები გამოაქვეყნდა, რომელთა შორის ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდა - პორტალის შემქმნელები მიიჩნევდნენ, რომ ჩხარტიშვილი საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდა.
2021 წელს შაბათის ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად ბენზინის კორუფციული სქემის უკან დგას.