logo
ENG



პატრიარქმა სუს-ის უფროსი არ მიიღო - 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაა

29 ოქტ 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
0cbfb6fgsmfqjq9.png

რამდენიმე წუთის წინ პატრიარქის პრესმდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატრიარქის ბრძანებით, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება. სავარაუდოდ, სწორედ იაკობის განცხადებების შედეგად მიიღო პატრიარქმა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება. იაკობმა განაცხადა, რომ მას მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შსს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადადგომაზე „ეჩალიჩებოდნენ“. რამდენადაც „ფორმულასთვისაა“ ცნობილი, სინოდის სხდომაზე განიხილავენ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს თუ არა პროკურატურამ.

ილია მეორეს უკვე ოთხი დღეა არაფერი უთქვამს. პატრიარქი გუშინ ერთი ღამით მცხეთის რეზიდენციაში იმყოფებოდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში რეზიდენციაში სტუმრები მიდიოდნენ. ობიექტს იცავდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი. ილია მეორემ რამდენიმე ადამიანი შეხვედრაზე არ მიიღო. „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც პატრიარქმა შეხვედრაზე არ მიიღო სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია. „ფორმულა“ პატრიარქის ექიმსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ილია მეორე კარგადაა და მას სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს. ილია მეორემ მცხეთის რეზიდენცია დღეს შუადღეს დატოვა და საპატრიარქოში დაბრუნდა. ჟურნალისტებს მხოლოდ მღვდლები პასუხობდნენ რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომას აპირებს.

 


close დახურვა