„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. აქციაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოდნენ. პატრიოტთა ალიანსის, ლიდერის ირმა ინაშვილის მტკიცებით, აღნიშნული დემოკრატიული ინსტიტუტები კვლევებს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ატარებენ და შედეგებს აყალბებენ. ინაშვილის არგუმენტით, ეს რომ ასე არ იყოს, პატრიოტთა ალიანსს 5%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, თარხან მოურავმა დღეს აქციაზე ახალი კვლევა დააანონსა და განაცხადა, რომ პარტიის 100-მდე აქტივისტი სახლებში ივლის და იკითხავს, სურთ თუ არა მათ NDI და IRI საქართველოში.
საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქციაზე მხარდამჭერები მიკროავტობუსებით რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.
„ქართული ოცნების“ სატელიტები - ასე მოიხსენიებენ ხელისუფლების ოპონენტები „პატრიოტთა ალიანსს“ და აცხადებენ, რომ მსგავსი აქციები ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რაც ბიძინა ივანიშვილის ფარული მიზანია.
დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის სცენარი უცხო არ არის, დაახლოებით 8 წლის წინ რუსეთის ხელისუფლებაც NDI-ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების „უსაფრთხოების პრობლემაზე" ალაპარაკდა, რაც საბოლოოდ ამ ორგანიზაციების აკრძალვის დაკანონებით დასრულდა.