აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნენსი პელოსი თანამდებობიდან გადადგა.
ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი იყო, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.
პელოსის თქმით, ის კონგრესში დარჩება და კალიფორნიის წარმომადგენელი იქნება.
განცხადება პელოსიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამოიკვეთა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას სავარაუდოდ რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს.
ის სპიკერის თანამდებობაზე ახალი კონგრესის ფორმირებამდე დარჩება.
პელოსის თქმით, ის დემოკრატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არ მივიღებ მონაწილეობას დემოკრატიული პარტიის ლიდერის ხელახალ არჩევნებში შემდეგ კონგრესში. დრო მოვიდა, რომ ახალმა თაობამ უხელმძღვანელოს დემოკრატიულ პარტიას“ - განაცხადა პელოსიმ.
პელოსიმ კონგრესმენი პირველად 1987 წელს გახდა და ამ სტატუსს 2025 წლამდე შეინარჩუნებს.
პელოსი კონგრესში დემოკრატების ლიდერი 2003 წელს გახდა, როცა ისინი უმცირესობაში იყვნენ. დემოკრატებმა 2006 წელს დეკადაზე მეტი პერიოდის შემდეგ უმრავლესობა კვლავ მოიპოვეს.
2010 წელს დემოკრატები კვლავ უმცირესობაში გადავიდნენ, პელოსი კი მისი პარტიის ლიდერობასთან ერთად სპიკერის თანამდებობაზე 2018 წელს დაბრუნდა.
რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, კევინ მაკკართი, ვინც პარტიის ლიდერის არჩევნები მოიგო, სავარაუდოდ პელოსის ჩაანაცვლებს.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს სავარაუდოდ ნიუ იორკის კონგრესმენი ჰაკიმ ჯეფრისი დაიკავებს.