logo
ENG



პენიტენციური: ოთახში მინის ბარიერი იმიტომ განთავსდა, რომ სააკაშვილმა რეგულაციები დაარღვია

28 ოქტ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: ოთახში მინის ბარიერი იმიტომ განთავსდა, რომ სააკაშვილმა რეგულაციები დაარღვია

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი იმიტომ განთავსდა, რომ სააკაშვილმა და მისი ადვოკატებმა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები "სრულად დაარღვიეს". 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გაკეთებაზე, რაც "ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას".

"რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების მტკიცებით, განცხადება, რომ სააკაშვილს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა, სიცრუეა. პენიტენციური სამსახურის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული უფლებებით.

"ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას არ აძლევს არის სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცედლობას წარმოადგენს.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს.მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ავოკატთან დღესაც შედგა", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 27 ოქტომბერს, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.  ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე. 

"უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა