logo
ENG



პენიტენციური ომბუდსმენს: საპატიმროებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები

20 იან 202113:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/3y3kj89bndbg5op.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახური ციხეებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშრებით სახალხო დამცველის ბრალდებებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. 

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას.

"რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური სამსხურის თქმით, თუ კი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.

"პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები, ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ საპატიმროებში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა. მისივე თქმით, 2021 წლის 13 იანვარს რუსთავის #17 დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, იმიტომ რომ ციხეებში ყველაფერი იყო ძალიან კარგად. 

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს მყისიერი ზომები კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად. 


close დახურვა