logo
ENG



პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

07 ნოე 202121:07
3 წუთის საკითხავი
 

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დღეს სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, შეიძლება, რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს.

პენიტენციურის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა ვივამედის ექიმები შევიდნენ.

"ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია. მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილი 38-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 


close დახურვა