logo
ENG



პესკოვი: განკარგულების გაცემა არ არის საჭირო, ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა

01 ნოე 202216:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/6kd63e2hz9mbl8y.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინის მხრიდან განკარგულების გაცემა არ არის საჭირო, რადგან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსულტაციას გაივლიდა იურისტებთან და ადვოკატებთან. გაცნობებთ, რომ განკარგულების გაცემა არ არის საჭირო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა გვაქვს ამ საკითხზე. შესაბამისად, წერტილი დასმულია. ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა," - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა დეპეშები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს „ნებისმიერი გამოძახების შეჩერებისა და შემდგომი გაუვრცელებლობის შესახებ“. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანება 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ შესრულდა - 300 000 ადამიანი გამოიძახეს.

31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დანამდვილებით არ იცის, საჭიროა თუ არა ამასთან დაკავშირებით ცალკე განკარგულების გაცემა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 


close დახურვა