logo
ENG



პირველ რიგში, წარმოებაში ჩართული თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება - ბორჯომის განცხადება

06 ივნ 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock 771

კომპანია "IDS ბორჯომი" თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ აუყვანია.

ამასთან, კომპანიის ცნობით, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული.

"როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული", - აცხადებენ "ბორჯომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დღეს, "IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. 

გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. 


close დახურვა